სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 მაისს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქე ზ.ჰ. შემოვიდა, რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას 4293,29 ლარის ღირებულების ოქროს არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის ყელსაბამები, კულონები, სამაჯურები, საყურეები, საერთო წონით 79,11 გრამი აღმოაჩნდა.

"აღნიშნული ნივთების ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა შეფუთული და სხეულზე დამაგრებული, ნაწილი კი ხელბარგში იყო მოთავსებული. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4293,29 ლარი შეეფარდა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.