„ოროთახიანი ნომრის ფასი 100-დან 60 ლარამდე შევამცირეთ“ - როგორ ხვდებიან ზამთრის სეზონს ბაკურიანის საოჯახო სასტუმროები

ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა მანამდე დამსვენებლები როგორც ბაკურიანს, ასევე გუდაურს უკვე სტუმრობენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ინტერესი საკურორტო ზონებში, ამ შემთხვევაში ბაკურიანში და რამდენიმე საოჯახო სასტუმროს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით საოჯახო სასტუმროების მიმართ დამსვენებლების ინტერესი დაბალია და ჯავშნებიც, ფაქტობრივად, არ აქვთ.

„ამ ეტაპზე არცერთი დღეს არ გვაქვს ჯავშანი, ახალ წლების დღეებიც კი არ არის ჯერ დაჯავშნილი. სიტუაცია უკონტროლოა, ახალი წლების პერიოდში 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე შეიძლება კარგად გაქირავდეს, მაგრამ შემდეგ ძალიან იკლებს მოთხოვნა. მაგალითად, შარშან საერთოდ არ გაქირავდა, წელს რა იქნება ველოდებით.

ზოგადად, სეზონი გახსნა ძირითადად თოვლზეა დამოკიდებული, მაგრამ სულ რომ სეზონი არ გაიხსნას, ვფიქრობ, ახალი წლის პერიოდში დამსვენებლები მაინც ჩამოვლენ“, - საუბრისას აღნიშნა ბაკურიანის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა.

ჩვენთან საუბრისას საოჯახო სასტუმროს მფლობელები აღნიშნავენ, რომ მათი ბიზნესისთვის ყველაზე დიდ „საფრთხესა“ და კონკურენციას კოტეჯები და აპარტამენტები ქმნიან. მათი თქმით, დამსვენებლები უპირატესობას მსგავსი ტიპის სასტუმროებს ანიჭებენ, ხოლო სტუმრების გარეშე დარჩენილი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ - დაბალი ფასით მოიზიდონ დამსვენებლები.

„ჩვენი ყოველდღიური პრობლემა კონკურენციაა, ბაკურიანში გაიზარდა აპარტჰოტელების რაოდენობა, რამაც დიდი კონკურენცია შექმნა და ფასები ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირა. საორიენტაციოდ რომ გითხრათ, პიკის პერიოდში ოროთახიანi ნომრის ფასი 100 ლარიდან 60 ლარამდე შევამცირეთ“,- განაცხადა საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ.

საუბრისას სასტუმროთა მეპატრონეები განმარტავენ, რომ სტუმრების რაოდენობის ზრდას ახალი წლის დადგომასთან ერთად ელოდებიან. ერთ-ერთი მფლობელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს, რომ მან სასტუმროს დღიური საფასური არ გაზარდა, ამის მიზეზად კი საოჯახო სასტუმროების მიმართ დაბალ მოთხოვნა დაასახელა.

„სიმართლე რომ გითხრათ, სხვა საოჯახო სასტუმროებში რა სიტუაციაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ საფასური არ გაგვიზრდია, არც შეგვიმცირებია. დაბალი მოთხოვნის გამო 1 ადამიანზე ღამე კვლავ 40 ლარია.

ვფიქრობთ, სეზონი ახალი წლებიდან გაიხსნება და იმედი გვაქვს, რომ ხალხიც უფრო მეტი ჩამოვა და დაისვენებს ჩვენთან“, - განაცხადა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა.

ავტორი: ნინი შატბერაშვილი