საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე 236 ოქროს ზოდი გაყიდა

4 დეკემბრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე 236 ოქროს ზოდი გაყიდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ სებ-ში განუცხადეს, ამ დროისთვის გაყიდული ზოდებიდან 235 ცალი - 20 გრამიანი, ხოლო ერთი ერთეული 1 კილოგრამიანი.

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20-გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალისაა. ოქროს სერტიფიკატების შეძენა მომხმარებლებს კომერციულ ბანკებში შეუძლიათ. 20-გრამიანი ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებითაა შესაძლებელი, 1-კილოგრამიანის კი - საკასო ცენტრიდან.

რაც შეეხება გასაყიდ რაოდენობას, ეროვნული ბანკი მთლიანად 400 ერთეულ 20-გრამიან და 10 ერთეულ 1-კილოგრამიან ზოდს გაყიდის.

ეროვნული ბანკის თანახმად, ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად იცვლება. დღეის მდგომარეობით კი 20-გრამიანი ოქროს ზოდი, ყიდვის ფასი 3 386 ლარია, ხოლო გასაყიდი - 3 666 ლარი. 1 კგ-იანი ოქროს ზოდების ყიდვის ფასი - 169 343 ლარი, ხოლო გასაყიდი ფასი - 183 309 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს ყიდის.

ცნობისათვის, სებ-მა ოქროს ზოდების და სერტიფიკატების გაყიდვა მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან დაიწყო.