სადახლოზე არადეკლარირებული სხვადასხვა საქონელი აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული სხვადასხვა საქონელი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 15 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე ი.ჰ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში საწოლის მატრასის ქვეშ დამალული არადეკლარირებული საქონელი: 14 ცალი ქვაზე ამოკვეთილი ხატი, ხელოვნური ტყავით, ასევე ქვის მასალით დამზადებული სხვადასხვა ნივთები აღმოჩნდა.

აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 13120,6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით 13120,6 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

მათივე ცნობით, 16 მაისს მებაჟე ოფიცრებმა სგპ "სადახლო- საავტომობილოს" გავლით არადეკლარირებული საქონლის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, სომხეთის მოქალაქის მ.ს-ს ავტომანქანაში მათ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული აქციზური საქონელი, 2839 კოლოფი სიგარეტი და 5 ლიტრი კონიაკი აღმოაჩინეს, რომელიც მანქანის მფლობელს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჰქონდა დამალული. აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3385,88 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.