რუსეთში Danone კადიროვის ნათესავებმა "გადაიბარეს“?! -  რა ბედი ეწია ცნობილ ფრანგულ კომპანიას რუსეთში

რძის პროდუქტების ფრანგული მწარმოებლის, Danone-ის რუსული შვილობილი კომპანია Danone Russia-ს „ახალი ჩეჩენი ბოსები“ ქარხნებს ნომინალურად მართავენ და უმეტეს საქმიანობაში ისევ ყოფილი მენეჯმენტი მონაწილეობს. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

ივლისში, პუტინის ბრძანებულებით Danone Russia-ს უცხოური წილი ქონების მართვის ფედერალური სააგენტოს დროებით მმართველობაში გადაეცა. ამის შემდეგ Danone Russia-ს მმართველი ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, იაკუბ ზაკრიევი გახდა, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ნათესავია. ნოემბერში ზაკრიევი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ჩარლი კაპეტი ჩაანაცვლა, რომელიც Danone Russia-ს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო კომპანიას სახელი გადაერქვა და „Life & Nutrition“ ეწოდა.

თუმცა, FT-ის წყაროების ცნობით, იმის მიუხედავად, რომ Life & Nutrition-ის აღმასრულებელი დირექტორი კადიროვის ნათესავია, კომპანიაში ბევრ მოვალეობას არაოფიციალურად კვლავ ჩარლი კაპეტი ასრულებს. მას და ყოფილი Danone Russia-ს სხვა უცხოელ თუ რუს ხელმძღვანელებს პარიზში, Danone-ის სათაო ოფისთან რეგულარული კონტაქტი აქვთ, რომ საწარმოების გამართული მუშაობა უზრუნველყონ.

გამოცემის ცნობით, იაკუბ ზაკრიევი რუსული „შვილობილის“ ოფისში რამდენჯერმე გამოჩნდა. FT წერს, რომ დირექტორთა ახალ საბჭოში კადიროვის კიდევ სამი ახლო თანამოაზრე შედის, კერძოდ, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რუსლან ალისულთანოვი და ორი ყაზანელი ბიზნესმენი, იაკოვ ხაჩანიანი და მინთიმერ მინგაზოვი. FT-ის შეფასებით, ახალი ტოპ მენეჯერები ბიზნესს ჯერჯერობით „პროფესიონალურად, იარაღის ამოღების გარეშე“ მართავენ.

Danone რუსული ბიზნესის გაყიდვას ისევ ცდილობს. ვიდრე მის შვილობილ კომპანიას პუტინი ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს გადასცემდა, Danone-მა პოტენციური მყიდველების სია სამამდე იმ იმედით შეამცირა, რომ სამომავლოდ მასში 25%-ს საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვის უფლებით შეინარჩუნებდა. FT-ის ცნობით, ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ კომპანიას ახალი პოტენციური მყიდველები გამოუჩნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ