აფხაზეთში საახალწლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა - რა ღირს დასვენება

აფხაზეთში რუსების მიერ საახალწლო დაჯავშნების რაოდენობა, წინა წლეთან შედარებით, გაორმაგდა. ოკუპირებული რეგიონის სასტუმროებში საახალწლო ჯავშნების მაჩვენებელი 60%-ზე მეტი, ხოლო ზოგიერთ მათგანში გარკვეულ თარიღზე ადგილების მოძიება შეუძლებელიცაა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ბიჭვინთის სანატორიუმ „სამშიტოვაია როშჩაში,“ რომელიც ნებისმიერ სეზონის ტოპ ობიექტებში შედის, კომპანია „მულტიტურის“ 29, 30 და 31 დეკემბრის დაჯავშნები მთლიანად შევსებულია. ნომრები მხოლოდ 2-3 იანვარს არის ხელმისაწვდომი. სტანდარტული ნომრის ღირებულება კვირაში 90 ათასი რუბლიდან (970 დოლარიდან) იწყება.

მეორე რუსულმა კომპანია „ინტურისტმა“ საახალწლო პიკური დღეებისთვის ზოგიერთ სასტუმროში გარკვეული კატეგორიის ნომრების დაჯავშნები შეაჩერა, ხოლო კომპანია „ალეანაში“ აფხაზეთის ყველაზე პოპულარულ სასტუმროებს შორის Nart Park Spa Hotel-ს ასახელებენ, რომელსაც კომპანია ოთხვარსკვლავიან სასტმროდ აფასებს. „ალეანას“ კომერციული დირექტორი, ოქსანა ბულახი აცხადებს, რომ Nart Park Spa Hotel-ისა და ბიჭვინთის სანატორიუმის გარდა, რუს ტურისტებში Alex Resort Spa-ს, Grand Hotel Abkhazia-სა და „ინტერ-სოხუმის“ სასტუმროებზეც დიდი მოთხოვნაა.

ბულახის თქმით, აფხაზეთი ამ საახალწლოდ პოპულარულ მიმართულებათა ხუთეულში შევიდა, რომლის წილიც მთლიან ჯავშნებში, დაახლოებით, 6%ია. კერძოდ ნომრების შეზღუდული რაოდენობით აფხაზეთი მხოლოდ კრასნოდარის მხარეს, მინვოდს, მოსკოვის ოლქსა და ბელარუსს ჩამოუვარდება.

ზოგადად, აფხაზეთში განსახლების ობიექტების ოფიციალური კლასიფიკაცია არ არსებობს და მათ ვარსკვლავებს რუსული ტუროპერატორები მომსახურების დონის მიხედვით თავად ანიჭებენ.

30 დეკემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში რეგისტრაციით, სტანდარტული ორადგილიანი ნომერი სამვარსკვლავიან სასტუმრო „აფსნიში“ 120 ათასი რუბლიდან (1300 დოლარიდან), „ევროპაში“ 130 ათასი რუბლიდან (1400 დოლარიდან) იწყება. ე.წ. ოთხვარსკვლავიან „გრანდ ათონსა“ და „სამშიტოვაია როშჩაში“ იგივე პირობებით ფასები, შესაბამისად, 154 და 184 ათასი რუბლიდან (1660-1985 დოლარიდან) იწყება.

ტურაგრეგატორ Sletat.ru-ს მონაცემებით, ზამთრის სეზონზე, საახალწლო დღეების ჩათვლით, აფხაზეთში ჯავშნების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11-ჯერ მეტია. კომპანიის ცნობით, „აფხაზეთში ტურის საშუალო ხანგრძლივობა მესამე წელია, არ იცვლება და 8 დღეღამეს შეადგენს. საშუალო ჩეკი, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით გაძვირდა და 57 ათას რუბლს (615 დოლარს) შეადგენს.

სწორედ ფასების ხელმისაწვდომობის გამო გაორმაგდა აფხაზეთში საახალწლო ჯავშნების რაოდენობა, რადგან იქ ტური, სოჭთან შედარებით, საშუალოდ, 15-20%-ით იაფია. მითუმეტეს, Sletat.ru-ს ცნობით, საახალწლო დღეებში სოჭი კიდევ უფრო ძვირდება და ფასთა შორის სხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, რომ საახალწლო დღესასწაულებამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივი სასტუმროების დატვირთულობა 30-დან 60%-მდე მერყეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ