"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას ელოდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ტარიფის თაობაზე სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით დაირღვა ტარიფის ცვლილების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება.

"სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს. სემეკმა ტარიფის დადგენისას არ გამოიყენა კანონით ("ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ", თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება ტარიფის ცვლილების შესახებ. მეორე მხრივ, კომპანია უწყვეტად ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ამავე ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის გათვალისწინებული ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტარიფის ცვლილებით მიღებული შემოსავლებით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სემეკის გადაწყვეტილება აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ელოდება ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა. თუმცა, სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.