ახალი ვალდებულება ბიზნესს - კერძო და საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ

ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანა მოუწევთ. აღნიშნულს გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებები.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა კობალაძემ განაცხადა, აღნიშნული ვალდებულება შეეხება კერძო ბიზნესის ნაწილს და საჯარო დაწესებულებებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება პირდაპირ კავშირშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროკავშირის ზოგადი რეგულაციის მნიშვნელოვანი სტანდარტი.

მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება ექნება როგორც კერძო კომპანიების ნაწილს, ასევე ყველა საჯარო უწყებას მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს. კერძო ბიზნესი, ვისაც ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა მოუწევს იგულისხმება: საფინანსო სექტორი (ბანკები, მისოები და ა.შ.), სადაზღვევო სექტორი, სამედიცინო სექტორი, აეროპორტები, ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიები, მობილურ ოპერატორები.. იმ პირთა წრეს კი, ვისაც არ შეეხება ვალდებულება, ცალკე განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტი, რომელიც დამუშავების პროცესშია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, შეიძლება იყოს ორგანიზაციაში უკვე არსებული კადრი ან ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. იგი აუცილებლად უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციაზე მყოფი პირი პირდაპირ ექვემდებარებოდეს მმართველ მენეჯმენტს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ ფუნქციას შეითავსებს დაწესებულებაში უკვე სხვა პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი, არ ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებამოსილების განხორციელებისა და ძირითად უფლებამოსილებებს შორის.

რაც შეეხება მოვალეობებს, ოფიცრის ფუნქციები ძირითადად შემოიფარგლება თავის უწყებაში/დაწესებულებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ღონისძიებების გატარებით, მეთოდური დახმარების გაწევით, ასევე საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებით დასაქმებულებთან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების შესახებ ინფორმაცია იქნება საჯარო და აიტვირთება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებ-გვერდზე,“- განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, ეს ცვლილება პრაქტიკაში 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი