აშშ-ის სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის ლიდერად კვლავ Nike რჩება

ამერიკის სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის უპირობო ლიდერად, პირველი კვარტლის მონაცემებით, კვლავ Nike და მისი ბრენდი Jordan რჩება - ამერიკაში გაყიდული სპორტული ფეხსაცმლის 62% სწორედ ამ ბრენდზე მოდის.

NPD Group-ის მონაცემებით, ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა Skechers USA აშშ-ის სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე მეორე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ”ადიდასი”. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ”სკეჩერსის” წილმა სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე 5% შეადგინა, ”ადიდასის” - 4,6%, ხოლო New Balance -ის – 4%.

”სკეჩერსის” წილის გაზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები სულ უფრო მეტად ირჩევენ დაბალფასიან სპორტულ ფეხსაცმელს. თუმცა, ერთი მხრივ, ასეთი ტენდენცია საფრთხეს უქმნის ზოგიერთ ცნობილ მოთამაშეს ამ ბაზარზე”, - წერს Wall Street Journal.

გასულ წელს ”სკეჩერსის” გაყიდვები 29%-ით გაიზარდა.