“24-საათიანი მაღაზიები ისევ იხურება და შეიძლება მთელ უბანში 1-2 დარჩეს”

კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მარკეტები ისევ იხურება. როგორც რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 48 საათიანი სპეციფიკური სამუშაოების დარგებიდან სექტორის ამოღებამ, მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან სამუშაო საათების შემცირება ანაზღაურებაზეც აისახა, მიუხედავად იმისა, რომ რითეილში ხელფასები 20-30%-ით გაიზარდა.

“ვითარება არ გამოსწორებულა, 24-საათიანი მაღაზიები იხურება და შეიძლება მთელ უბანში 1-2 დარჩეს. კადრების დეფიციტის საკითხი მწვავედ დგას. სწორედ ახლახან pmc-ის კვლევის შედეგებიც გამოქვეყნდა, რომელმაც შეისწავლა ჩვენს სექტორში არსებული გამოწვევები და ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელა კადრების დეფიციტი. 48-საათიანი სპეციფიკური დარგის ჩამონათვალიდან სექტორი რომ ამოიღეს, ესეც ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, რეალურად შეუმცირდათ სამუშაო საათები ადამიანებს, რაც აისახა ანაზღაურებაზე. საათობრივი ანაზღაურების პროპორციულად არის ხელფასის ოდენობა, არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა 20-30%-ით, თუმცა კადრებს რომ ვიყვანთ, ნამუშევარი საათების მიხედვით ხდება ანაზღაურების გადახდა.

ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემი არ გვაქვს, რამდენი მაღაზიაა დახურული, იმიტომ, რომ ძალიან დინამიკური პროცესია, შეიძლება რაღაც პერიოდით დაიხუროს, შემდეგ კადრი იპოვონ და ისევ გაიხსნას.

ეს ყველაფერი არის კადრების გადინებით გამოწვეული, თუმცა მხოლოდ ჩვენს სექტორს არ ეხება, ყველა დარგში ასეა“,- ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.

ნინი ქეთელაური