ელექტროგაყვანილობის ხელოსანი, მღებავი, სანტექნიკოსი - რა  მომსახურება გაძვირდა ყველაზე მეტად

მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული საქმიანობის ანაზღაურებამ 47%-ით მოიმატა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, შემდეგია საბანკო მომსახურება - 26,2%-იანი გაძვირებით და მღებავის საქმიანობა 18%-იანით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც წელს ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა.

  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 47%
  • საბანკო მომსახურება - 26,2%
  • მღებავის მომსახურება -18%
  • სანტექნიკოსის მომსახურება - 14,5%
  • ქალის თმის დავარცხნა - 9,9%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 9,2%
  • მამაკაცის თმის შეჭრა - 9,1%
  • ძიძის მომსახურება - 8,9%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 8,2%
  • თერაპევტის კონსულტაცია - 8,1%

ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.

ნინი ქეთელაური