რუსეთში ბენზინი ძვირდება - როგორია რუსული საწვავის წილი ქართულ ბაზარზე

რუსეთში, საიდანაც საქართველოში საწვავის თითქმის მესამედი შემოდის, ნავთობი ისევ ძვირდება. სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟის მონაცემებით, ქვეყანაში ბენზინი 0,8%-ით, ხოლო დიზელი - 1,08%-ით გაძვირდა. ამასთან, იმატებს ფასი რუსულ Urals-ის ტიპის საწვავზეც, კერძოდ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ბარელზე ფასმა 57,99 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღის მაჩვენებლზე 2,67%-ით მეტია.

რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე ფასები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა, სტაბილური მდგომარეობა ბაზარზე შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2024 წლის 17 მარტამდე, გაგრძელდეს.

ცნობისათვის, 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო და ეს „შიდა ბაზრის დაცვით“ ახსნა. ექსპორტის აკრძალვამდე რუსულ ბაზარზე საწვავის ფასი ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელზე იყო ასული.

უკვე 2023 წლის 17 ნოემბერს კი რუსეთმა ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა, რამაც, როგორც რუსული მედია წერს, ქვეყნის შიგნით ფასები მცირედით გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტამდე რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი ექსპორტიორი იყო. აკრძალვის შემდეგ კი იმპორტი ფაქტობრივად, განახევრდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველომ რუსეთისგან 157.8 მლნ აშშ დოლარის 163 705 ტონა ნავთობი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 67.6 მლნ აშშ დოლარის 81 608 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციამდე რუსული ნავთობის წილი ქართულ ბაზარზე 62.3%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი, ანუ მას შემდეგ, რაც რეგულაცია ამოქმედდა, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე 31.8%-ია.

როგორ შეიცვალა სიტუაცია ნოემბერში, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

ეკა დარჩიაშვილი