Red Wings-მა სატვირთო გადაზიდვები დაიწყო - შეასრულებს თუ არა ავიაკომპანია სატვირთო რეისებს საქართველოში

Red Wings Airlines-მა, რომელიც საქართველოშიც დაფრინავს, სატვირთო გადაზიდვების სერვისი ჩაუშვა. ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაში წერია.

ახალი სერვისი Sky Gates Airlines-ის აქტივების ბაზაზე იმუშავებს, რომელიც Red Wings-მა მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინა. ავიაკომპანიის ცნობით, სატვირთო ფლოტი შიდა წარმოების, მათ შორის, იმ თვითმფრინავებისგან შედგება, რომლებმაც ფრენის ვარგისიანობის აღდგენის პროცედურა რუსეთის გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციის ქარხნებში გაიარეს.

ამჟამად Sky Gates-ის ფლოტი ორი თვითმფრინავით, Il-76TD-ითა და Il-96-400T-ით არის წარმოდგენილი. თურქმენბაში-მოსკოვის პირველ კომერციულ რეისზე მოდერნიზებული Il-96-400T-მოდელის თვითმფრინავი სამომხმარებლო საქონლით ჟუკოვსკის აეროპორტში 10 დეკემბერს დაეშვა.

Sky Gates, რომლის აქტივებზეც არის დაფუძნებლი Red Wings-ის ახალი სატვირთო განყოფილება, ბაზარზე 2016-დან 2022 წლამდე მუშაობდა. სანქციების გამო Sky Gates-მა მუშაობა 2022 წელს შეწყვიტა, ხოლო ამა წლის აგვისტოში Red Wings-მა Sky Gates Airlines-ის აქციების მთლიანი პაკეტი, 100% შეიძინა.

ავიაკომპანიაში ახალი სატვირთო სერვისის რეისებს ჯერ არ ასახელებენ. ამდენად, ჯერ უცნობია, შეასრლებს თუ არა Red Wings სატვირთო რეისებს საქართველოში. თუმცა რუსეთის ფოსტის მიერ საქართველოში 7 ივლისიდან რეგულარული საფოსტო მიმოსვლის ამოქმედებიდან თვენახევარზე ნაკლებ დროში მეორე რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა 4,6 ტონა კორესპონდენცია გადაიტანა. მეტიც, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია მოელის, რომ ეს მაჩვენებელი თვეში 6 ტონას მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ