ბათუმში EXPO BATUMI 2015 გაიხსნება

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" დღეს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI 2015 გაიხსნება.

EXPO BATUMI 2015-ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობს საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. სულ 80-მდე კომპანია. გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.

გამოფენას ოფიციალურად გახსნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის მინისტრთა კაბინეტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბათუმის საკრებულოს წევრები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი, აჭარაში მყოფი საკონსულოების გენერალური კონსულები. ვიზიტორებისთვის დასწრება თავისუფალია.