ბერლინსა და პარიზს შორის 10 წლის შემდეგ ღამის მატარებელი აღდგა

ბერლინსა და პარიზს შორის, თითქმის, 10 წლის განმავლობაში პირველად საძილე კუპეებიანი ღამის მატარებელი იმოძრავებს, რომელზეც საახალწლო დღესასწაულების პერიოდისთვის ბილეთები, თითქმის, გაყიდულია. ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

რეისი საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული ოპერატორ SNCF-ისა და გერმანული Deutsche Bahn-ის პარტნიორობის შედეგად დაწესდა, ხოლო საძილე ვაგონების მიწოდება ავსტრიულმა კომპანია Nightjet-მა უზრუნველყო.

ასეთ მატარებლებს ბერლინსა და პარიზს შორის ბოლო 9 წელია, არ უმოძრავია, რადგან 2014 წელს ისინი მოთხოვნის შემცირებისა და გაცვეთილი ვაგონების გამო გაუქმდა. ამჯერად რეისზე მგზავრობა 15 საათი გრძელდება, ხოლო ბილეთის სავარაუდო ღირებულება 30 ევროა.

პირველი მატარებელი 11 დეკემბერს, საღამო საათებში გავიდა. საწყის ეტაპზე კვირაში სამი რეისი შესრულდება, ხოლო 2024 წლის ოქტომბრისთვის რეისები ყოველდღიური გახდება. Deutsche Bahn-ში აცხადებენ, რომ სადღესასწაულო პერიოდისთვის ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია.

DW წერს, რომ ბოლო დროს ევროპაში ღამის მატარებლების მიმართ ინტერესი განახლდა, რაც, ნაწილობრივ, გარემოზე ავიამგზავრობის უარყოფითი ზემოქმედების გამო შეშფოთებამ განაპირობა.

Deutsche Bahn ღამის მატარებლების გაშვებას ევროპის კიდევ 13 დიდ ქალაქში შესაბამისი ქვეყნების ეროვნულ ოპერატორებთან პარტნიორობით გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ