„ისრაელიდან ტურისტების დანახარჯების შემცირებას ყველაზე დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ექნება“

„ისრაელიდან ტურისტების დანახარჯების შემცირებას ყველაზე დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ექნება,“ - ამის შესახებ PMCG-ს კვლევაში - „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ არის აღნიშნული.

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMCRC) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე პოზიტიურია.

2023 წლის მე-4 კვარტალში ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი განახლდა, რამაც რეგიონში უფრო დიდი ეკონომიკური გაურკვევლობა გამოიწვია. ეკონომისტებმა შეაფასეს სხვადასხვა გზა, რომლითაც კონფლიქტმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-ს მიაჩნია, რომ ისრაელიდან ტურისტების დანახარჯების შემცირება დიდ ან ძალიან დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

რესპონდენტთა 59%-ის აზრით, მოსალოდნელია, რომ ისრაელიდან ფულადი გზავნილების შემცირება მაღალ ან ძალიან მაღალ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

გამოკითხულთა 35%-მა ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე მაღალი ან ძალიან მაღალი გავლენის მქონე ფაქტორად დაასახელა. გამოკითხულ ეკონომისტთა უმრავლესობას (59%) მიაჩნია, რომ კონფლიქტი დაბალ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.

რესპონდენტთა 47%-მა კონფლიქტის შედეგად გამოწვეული გაცვლითი კურსის შესაძლო რყევები საქართველოს ეკონომიკაზე დაბალი გავლენის მქონე ფაქტორად დაასახელა,“- ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა.

თაია არდოტელი