საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 43%-ია - როგორა 11 თვის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19,626 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5,584 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14,042 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8,457 მლრდ აშშდოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ ნოემბერს, აქ როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში ექსპორტმა 482 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 1,224 მლრდ დოლარი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 742,6 მლნ დოლარი იყო. საქსტატის მაჩვენებლებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 490,7 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, ქვეყანამ კი უცხოეთში 1,311 მლრდ დოლარის პროდუქცია იყიდა, შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 820,2 მლნ დოლარი შეადგინა.