"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" 220/110 კვ-იან ქვესადგურს "ხორგა" აშენებს

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" "რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის "ხორგა" მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11,9 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია შიემენსი აწარმოებს. "მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის ძალისხმევით ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას, განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში,"- განაცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობიდან 10 ადამიანი, მათი რაოდენობა გაიზრდება პროექტის მშენებლობის შესაბამისად. სამუშაოების დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.