”მედიკამენტები იაფი ვერ იქნება”

თითო მედიკამენტის შემუშავება და სხვადასხვა საჭირო კვლევის შესაბამის პირობებში ჩატარება, საშუალოდ, ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება

შესაბამისად, მედიკამენტები იაფი ვერ იქნება. ამის შესახებ GPC-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ პალიტრა TV-ს გადაცემა ბიზნეს PRESS-ში განაცხადა.

”მედიკამენტი თავისთავად, არ შეიძლება იყოს იაფი პროდუქტი, ვინაიდან თითო მედიკამენტის შემუშავება ლაბორატორიულ პირობებში, შემდეგ მისი ინ ვიტრო, ინ ვივო გამოცდები, კლინიკური კვლევები, რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა მეთოდით, მაღალი დონის კლინიკებში ძალიან ძვირი ჯდება - საშუალოდ, ნახევარი მილიარდი დოლარი. შესაბამისად, მედიკამენტი იაფი ღირებულების მატარებელი ვერანაირად იქნება”,- აღნიშნა დავით კილაძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან მედიკამენტებიც ეკონომიკური აქტიურობის ნაწილს წარმოადგენს, ვალუტის რყევა და ფასების ცვლილება მათზეც აისახება. ”მედიკამენტიც ეკონომიკური აქტიურობის ნაწილია. შესაბამისად, როდესაც იცვლება ვალუტის ღირებულება, ამას ცხადია, მედიკამენტის გაძვირებაც თან ახლავს. მაგრამ იმ სოციუმიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ, რა გარემოშიც გვიწევს ფუნქციონირება, ჩვენ ვცდილობთ ეს კატაკლიზმური, ნახტომისებური ცვლილებები ფასზე არ აისახოს”,- განაცხადა დავით კილაძემ პალიტრა TV-ს გადაცემა ბიზნეს PRESS-ში.

იხილეთ გადაცემა