ასაქმებენ თუ არა სილამაზის სალონებში რუს სპეციალისტებს და რატომ ჭირს ამ სფეროში პროფესიონალების პოვნა

საქართველოში სილამაზის სალონებში მომსახურება გაძვირდა. ამასთან, როგორც სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, მოიმატა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ასეთი ობიექტების გასხნის და მათი დასაქმების მაჩვენებელმაც. ამას ადასტურებს სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამუნა შარაშენიძეც.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიერ სალონების გახსნის ფაქტი ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ქვეყანაში არ არსებობს კანონი ლიცენზიაზე.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაფერს რეგულაციებამდე, ლიცენზირებამდე და სერტიფიცირებამდე მივყავართ. ჩვენს ქვეყანაში ვისაც როგორ უნდა და რასაც უნდა ხსნის და აკეთებს. ეს დაუშვებელია. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში, არსებობს ლიცენზირება. ჩვენს შემთხვევაშიც სახელმწიფოს რაღაც მექანიზმი და ბერკეტი უნდა ჰქონდეს, რის საფუძველზეც ადამიანებს მისცემდნენ, ან არ მისცემდნენ უფლებას, კონკრეტული ობიექტის გახსნის. ეს კი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და საბოლოო ჯამში ამ გაუგებრობებს იწვევს.

გაუწევს თუ არა კონკურენციას ქართული ბაზარი რუსების მიერ გახსნილ სალონებს, გეტყვით, რომ აქ ძალიან ბევრი “გააჩნია“ არის. გააჩნია რომელი სალონია, გააჩნია რომელი სერვისი, გააჩნია რა სეგმენტი, გააჩნია რა მომხმარებლი და ა.შ.“ - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თამუნა შარაშენიძე.

კითხვაზე, ასაქმებენ თუ არა რუს სპეციალისტებს აღნიშნულ სფეროში, სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ ასეთი შემთხვევები, ნამდვილად არის.

„დღესდღეობით ამ სფეროში ჭირს პროფესიონალების პოვნა. მინდა გითხრათ ადამიანები რომლებიც უკვე კარგი პროფესიონალები არიან, იმათაც ვკარგავთ. ახლა ამერიკაში ვიმყოფები და ჩემს ირგვლივ ძალიან კარგი პროფესიონალები არიან, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ. რეალურად ეს იწვევს იმას, რომ ობიექტმა დაკარგა სპეციალისტი, შევსება კი ძალიან რთულად ხდება.

ახლა ჩვენ ახალი პროფესიული სტანდარტები გვაქვს დაწერილი, რომელიც მალე ჩაეშვება და უფრო კარგი პროფესიონალებს შევთავაზებთ ბაზარს. დამწყებებზე იცით, რომ მოთხოვნა ნაკლებია და ამიტომაც გვაქვს ასეთი სიტუაცია ბაზარზე. ზოგ შემთხვევაში სხვა გზა არ აქვთ დამსაქმებლებს და გარკვეული ნიშნის მიხედვით ხდება არჩევანის გაკეთება,“ - განმარტავს თამუნა შარაშენიძე.

რაც შეეხება აღნიშნულ სფეროში გაძვირებულ მომსახურებაზე, სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთო ფონთან შედარებით, ეს ფაქტი შესამჩნევი ნამდვილად არ არის.

„გაძვირება თითქმის ყველა სეგმენტზე აისახა. ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ სექტორში, ასევე ცხოვრობენ და არსებობენ, შესაბამისად მათ უწევთ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პირადი მოხმარების საგნებზე უფრო მეტის გადახდა, ვიდრე მანამდე იხდიდნენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნილება ანაზღაურებაზე გაიზარდა. თუმცა, სერვისი სილამაზის მომსახურების არც ისეთი გაძვირებულია, როგორი ფონიც არის საქართველოში. ვფიქრობ, ისე არ გაძვირებულა მომსახურება, რომ მომხმარებლისთვის შესამჩნევი ყოფილიყო,“ -აღნიშნავს თამუნა შარაშენიძე.