სამოგზაურო გადაცემა "Орел и решка" საქართველოზე სიუჟეტს ამზადებს

პოპულარული სამოგზაურო გადაცემა "Орел и решка" საქართველოს შესახებ სიუჟეტს ამზადებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩამოვიდა. მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლები თბილისში, მცხეთასა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ და ტურისტებისათვის საინტერესო ადგილები გადაიღეს.

"გადაცემის ავტორების თქმით, სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თბილისში, მშრალ ხიდთან მდებარე ბაზრობას, რომელიც ტურისტებისათვის მიმზიდველია", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, "Орел и решка" საქართველოს შესახებ უკვე მე-4 გადაცემას ამზადებს, რომელიც უკრაინული ტელეკომპანია "Интер"-ის და რუსული ტელეკომპანია "Пятница"-ს ეთერით ივნისში გადაიცემა.