ოთარ დანელია ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს, მათ შორის, მეჩაიეობის განვითარების კუთხით. უწყების ცნობით, მხარეები ამ მიმართულებით ერთობლივი, მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავენ. შეხვედრის შემდეგ, ოთარ დანელიამ და იუე ბინმა ხელი მოაწერეს აქტს სამელიორაციო ტექნიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გადმოცემის შესახებ. აღინიშნა, რომ ეს იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დახმარება, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

,,ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვენს მთავრობებს შორის. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამ ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებზე გაგრძელდება. დღეს ხელი მოეწერა სერთიფიკატს ტექნიკის გადაცემის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ დიდი იმედით ველოდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩინეთში ვიზიტს, სადაც სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაიგეგმება ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა.

როგორც ოთარ დანელიამ ელჩთან შეხვედრაზე აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. ,,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტისას გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში 30-ზე მეტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური მოეწყობა. საქართველოში უკვე ჩამოსული არიან სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნული თანამედროვე სტანდარტების სათბურების მშენებლობის მიმართულებით მუშაობენ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.