ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 1.850 მლრდ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის:

მისივე განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;

თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე;

მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი.

ამასთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 582 მლნ ლარი. მისი თქმით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე მუშაობა 172 ლოკაციაზე, მათ შორის, 22 ქალაქში. 2024 წელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება დამატებით 5 ქალაქს.

„ასევე, მნიშვნელოვანია, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება და ამ მიმართულებებით, გაგრძელდება სამუშაოები მთავრობის გაცხადებული გეგმის შესაბამისად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.