სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება

სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება. ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა კობალაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აყალიბებს, ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იკრძალება და ორგანიზაციებს/კომპანიებს დარღვევა 3 ათას ლარამდე დაუჯდებათ.

დეტალებზე თუ რას ცვლის ახალი კანონი პირდაპირი მარკეტინგის თვალსაზრისით, გადაცემაში „საქმე“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა კობალაძემ ისაუბრა.

“თუ აქამდე ნებისმიერ საჯარო სივრცეში თქვენ მიერ განთავსებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზების მეშვეობით მოპოვებადი ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეეძლოთ კომპანიებს, სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები გამოეგზავნათ, ახალმა კანონმა ეს საკითხი დაარეგულირა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, კომპანიებს აქვთ უფლება რომ გამოგზავნონ სარეკლამო სმს შეტყობინებები, მხოლოდ თავად მონაცემთა სუბიექტის ანუ თქვენი თანხმობით.

რაც შეეხება ამ თანხმობის მოპოვების წესს, მნიშვნელოვანია პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის, მისამართის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ამ სერვისის განხორცილებისთვის, კომპანიებს აუცილებლად ესაჭიროებათ წერილობითი თანხმობა თვითონ მონაცემთა სუბიექტის ანუ იმ პირის, ვისაც უნდა გაეგზავნოს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები.

ეს თანხმობა უნდა იყოს მკაფიოდ აღქმადი მონაცემთა სუბიექტისთვის - მისთვის მარტივი და გასაგები ენით უნდა იყოს მიწოდებული თუ რას სთავაზობს კომპანია, რა კუთხით განხორციელდება მათი მონაცემების დამუშავება, რა არის მიზანი და მიზანი რომ პირდაპირი მარკეტინგია ესეც მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული, ასევე რას გულისხმობს ეს თანხმობა, რა შედეგები მოყვება მას, ასევე მითითებული უნდა იყოს ის ინფორმაციაც, რომ ამ თანხმობის უკან გათხოვა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს ნებისმიერ დროს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ თუ მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, ეს უნდა განხორციელდეს დაუყონებლივ ან არაუგვიანეს 7 დღის ვადისა.

იმ შემთხვევაში თუ პირმა თანხმობა არ განაცხადა, ან განაცხადა და შემდეგ უკან გაითხოვა თანხმობა და ამის მიუხედავად მაინც ეგზავნება სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები, პირველ რიგში არსად არ მიდის ე.წ. SMS OFF-ს ფუნქცია, რომელიც აქამდე იყო ფასიანი და ღირდა 6 თეთრი, ახლა ახალი კანონის თანახმად, 1-ლი მარტიდან ეს სერვისი იქნება უფასო და სწორედ ეს არის პირველი ჩამკეტი სუბიექტთა უფლებების დაცვისთვის, მაგრამ თუ ამის მიუხედავადაც გრძელდება შეტყობინებების დაგზავნა, პირს უკვე შეუძლია მომართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა,“- განაცხადა კობალაძემ.

თაია არდოტელი