თურქეთის მშენებარე ატომური ელექტროსადგურის პირველმა ბლოკმა ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა მიიღო

თურქეთში მშენებარე „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პირველმა ენერგობლოკმა თურქეთის ხელისუფლებისგან ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა მიიღო. ინფორმაციას „როსატომი“ თავის Telegram-არხზე ავრცელებს.

პირველი ენერგობლოკის ამუშავებაზე ნებართვა თურქეთის ბირთვული რეგულირების სააგენტომ გასცა. შემდეგ ეტაპზე სააგენტომ უნდა გასცეს საექსპლუატაციო ლიცენზია, რის საფუძველზეც პირველი ენერგობლოკის რეაქტორში ბირთვული საწვავი ჩაიტვირთება და გაშვებამდელი წინასწარი საკონტროლო ოპერაციები დაიწყება.

ამ ლიცენზიაზე განაცხადის წარსადგენად სპეციალისტები ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებას განაგრძობენ.

„აკუიუ“ თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურია, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია, „როსატომი“ აშენებს. პროექტი ოთხი ენერგობლოკის მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეული ენერგობლოკის სიმძლავრე 1200 მეგავატი იქნება. გლობალურ ბირთვულ ინდუსტრიაში „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგური პირველი სამშენებლო პროექტია, რომელიც Build-Own-Operate-ის, ანუ „მშენებლობა-მართვა-ოპერირების“ მოდელით რეალიზდება.

თურქეთ-რუსეთის სამთავრობათაშორისი შეთანხმების პირობებით, ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი მისი მშენებლობისთვის ყველა ნებართვის მიღებიდან შვიდი წლის განმავლობაში უნდა გაიშვას ექსპლუატაციაში, ეს პერიოდი კი 2025 წელს დგება, რადგან No1 ენერგობლოკის მშენებლობაზე ლიცენზია 2018 წელს გაიცა.

სექტემბრის შუა რიცხვებში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი „როსატომთან“ მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც ქვყნის ჩრდილოეთით, სინოპის რეგიონში, შავის ზღვის სანაპიროზე იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, სინოპის მომავალ ატომურ ელექტროსადგურზე გამომუშავბული ენერგია საბერძნეთსაც მიჰყიდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ