ევროკავშირში მართვის მოწმობის აღება გართულდება

ევროპარლამენტის ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპორექტს, რომელიც ევროპის გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

კანონპროექტი მძღოლების მომზადებისა და ტესტირების ახალ მიდგომას მოითხოვს. კერძოდ, ავტოსკოლები მძღოლებს გზებზე ელექტროსკუტერებისა და ელექტროველოსიპედების მძღოლებთან თანამოქმედებას შეასწავლიან. მძღოლებს, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტის სწორ გამოყენებასა და მავნე გამონაბოლქვის მოცულობის მონიტორინგს შეასწავლიან. ყველა ეს უნარი მართვის მოწმობის გამოცდებზე შემოწმდება.

ახალი წესების მიხედვით, ახალბედა მძღოლებმა ავტომობილის მართვის საცდელი პერიოდი, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში უნდა გაიარონ. ამ პერიოდში მათზე გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დარღვევისთვის უფრო მკაცრი ჯარიმები გავრცელდება.

ევროპარლამენტის ტრანსპორტის კომიტეტმა, ასევე, მხარი დაუჭირა მძღოლებისთვის რეგულარული სამედიცინო გამოკვლევის შემოღებას. ეს სამედიცინო შემოწმება მართვის მოწმობის აღებისა და განახლებისას ყოველ 15 წელიწადში ერთხელ სავალდებულო იქნება.

ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეები ციფრული მართვის მოწმობების აღებასაც შეძლებენ. ის მძღოლის მობილურ ტელეფონში შეინახება და იგივე ძალა ექნება, როგორიც ქაღალდის დოკუმენტს აქვს.

ევროკავშირში მართვის წესების გადასინჯვის კანონპროექტს ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ, 2024 წლის იანვარში უყრის კენჭს. კანონპროექტს ევროპულმა საბჭომაც უნდა დაუჭიროს მხარი.

ახალი წესებით ევროკავშირს სურს, პროგრამა European Vision Zero-ს მიზანს მიაღწიოს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის ევროპის გზებზე მსხვერპლთა რაოდენობა უნდა განულდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ