გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანება შესაძლოა "მრეწველებმა" გაასაჩივრონ

"მრეწველები" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანების გასაჩივრებას გეგმავენ. თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან კანონი არ დარღვეულა. ხოკრიშვილის მიერ 2015 წლის 24 აპრილს გამოცემული ბრძანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების – კერძოდ კი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანას ხდის შესაძლებელს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტში ცხარე კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდა.

როგორც დეპუტატების კრიტიკის პასუხად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განმარტა, "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გენმოდიფიცირებული თესლის ცხოველთა საკვებად შემოტანას არ კრძალავს და ასეთ შემთხვევაში, მის ეტიკეტირებას ითვალისწინებს. ამასთან, მურღულიას თქმით, საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა იმისა, გრძელვადიანი ტესტებით განსაზღვროს - რომელია კარგი და რომელი ცუდი, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მხრივ ქვეყანა ევროკავშირის ნუსხას ეყრდნობა და მინისტრის ბრძანებით დაშვებული სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი, ევროკავშირის ნუსხით არის დაშვებული. "მსოფლიოში სოიოს დიდი ნაწილი გენმოდიფიცირებულია. როდესაც საბაჟომ მისი შემოტანა დააფიქსირა, მოგვმართა ჩვენ და გვითხრა, რომ რაკი ევროკავშირის მიერ აღიარებული სია არსებობს, რას ვაკეთებთ – ვრთავთ თუ არა მათ მისი შემოტანის ნებას. ჩვენ შეზღუდვის არანაირი საფუძველი არ გვქონდა. ეს არის ევროკავშირის ნუსხით დაშვებული სოიოს თესლი", - განაცხადა თემურ მურღულიამ.

სამინისტროს არგუმენტები მიუღებელი აღმოჩნდა როგორც დეპუტატებისთვის, ასევე კომიტეტის სხდომაში მონაწილე ექსპერტ-სპეციალისტებისთვის. მათი შეფასებით, ეს არის მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი და არსებობს გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის გარემოში ინპროდუქციის რეალური საფრთხე.

როგორც ფრაქცია "მრეწველების" წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ის ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანებას გაასაჩივრებს. "სოიოს ეს თესლი არავითარ შემთხვევაში მინდორში არ უნდა მოხვდეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მთავრობის იმ დადგენილებას ეყრდნობა, რომელიც მას შემდეგ უნდა ამუშავდეს, როცა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების საბაჟოზე გადაკვეთა მოხდება. საბაჟოზე გადაკვეთა კი ვერ მოხდება, ვიდრე მეცნიერ-ექსპერტების მიერ არ იქნება შესწავლილი და არ იარსებებს დადებითი დასკვნა. მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეეძლო მინისტრს ასეთი ბრძანების გამოცემა. აქ არაფერ შუაშია ევროკავშირის რეესტრი - ასოცირების ხელშეკრულებაში ამდაგვარი არაფერი წერია. ევროკავშირი ვერ დაგვავალდებულებს და ასოცირების ხელშეკრულება ვერ მოგვთხოვს იმას, რომ სულ სხვა ქვეყანაში და არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას კარი გავუხსნათ, მით უფრო, როცა საქმე ეკოლოგიურად არასუფთა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება", - აცხადებს ტყემალაძე.

დეპუტატის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი უნდა იყოს არა ეკონომიკური ინტერესები, არამედ ის, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა, შთამომავლობა და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.