დიდმა ბრიტანეთმა 1 იანვრიდან რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტი აკრძალა

­დიდმა ბრიტანეთმა 2024 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია.

ამასთან, ქვეყანა რუსული ლითონის, მათ შორის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს კრძალავს. ახალი შეზღუდვები რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის, მათ შორის, მანქანების ნაწილებისა და ელექტრონიკის ექსპორტსაც ეხება.

ლონდონი მეტალთან დაკავშირებულ დამხმარე სერვისებსაც აკრძალავს, როცა ამაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ შეთანხმებას მიაღწევს.

ამის შემდეგ სანქციების გარეშე მხოლოდ დაბალი რისკის საქონლის, ჰუმანიტარული, სასურსათო და სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი დარჩება.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, ახალი სანქციები მთელ რიგ ფინანსურ ზომებსაც მოიცავს, კერძოდ, იმ საწარმოების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთთან მუშაობაზე უარს იტყვიან.

ასევე, გაერთიანებული სამეფო ანგარიშგების ახალ ვალდებულებებს აწესებს, რომ ქვეყანაში არსებული აქტივების მეტი გამჭვირვალობა და სასანქციო რეჟიმთან მათი შესაბამისობა უზრუნველყოს.

G7-ის ქვეყნები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) დეკემბრის დასაწყისში რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის თანდათანობით შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, 6 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთიდან არასამრეწველო დანიშნულების ბრილიანტების იმპორტი 2024 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება.

აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსული ალმასისა და ბრილიანტის ინდუსტრიას, ასევე, ალმასის მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ „ალროსას“ სანქციები ჯერ კიდევ მარტში დაუწესეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ