სკოლების გლობალურ რეიტინგში საქართველო 59-ე პოზიციაზეა

”განათლების სტანდარტების გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს”

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის მიერ გამოქვეყნებული სკოლების გლობალურ რეიტინგში საქართველო 76 ქვეყანას შორის 59 პოზიციას იკავებს. OECD-ის რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე აზიური ქვეყნები აღმოჩნდნენ, ბოლო საფეხურებზე კი ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები. რეიტინგის პირველ პოზიციაზე სინგაპურია, რომელსაც ჰონგკონგი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ტაივანი მოსდევს.

რაც შეეხება ევროპას - ევროპულ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ფინეთს აქვს, რომელიც მეექვსე პოზიციაზეა. რეიტინგში რუსეთი 34-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 38-ე, სომხეთი - 50-ზე. ”განათლების სტანდარტების გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია OECD-ის ანგარიშში.

კვლევის ავტორთა განცხადებით, კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად არის დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა განათლების ხარისხთან.

”ჩვენ პირველად მოგვეცა განათლების დონის გლობალური მასშტაბების შეფასების შესაძლებლობა. ამ კვლევით გვინდოდა ბევრი - როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნისთვის, მიგვეცა შესაძლებლობა, შეადარონ საკუთარი თავი მსოფლიო ლიდერებს, გაიაზრონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შეაფასონ, თუ როგორ აისახება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაში განათლების ხარისხი”, - აღნიშნა OECD-ის წარმომადგენელმა ანდრეას შლახერმა.

რეიტინგის შედეგები 15 წლის ასაკის მოსწავლეთა მათემატიკური და სამეცნიერო დისციპლინების გამოცდების შედეგებს ეფუძნება.