ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), ანუ შუა დერეფანი ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდა ტრადიციული საკომუნიკაციო მარშრუტების შეფერხების ფონზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმილოვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ყაზახეთს მსოფლიო ოკეანეში გასასვლელი არ აქვს, ამიტომ ჩვენ ყველა სახის ტრანსპორტს ვავითარებთ. უფრო მეტიც, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარებისა და ტრადიციული საკომუნიკაციო გზების მორღვევის გამო საჭირო გახდა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება. ამის ნათელი მაგალითი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია,“ - აცხადებს სმილოვი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წყლის ტრანსპორტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია, რომლის წილიც ტვირთბრუნვაში 60%-ზე მეტი, მთელ საერთაშორისო ვაჭრობაში კი 80%-ია.
ალიხან სმილოვის ცნობით, შიდა საზღვაო პორტების სრული განვითარების მიზნით მომავალი წლის ბოლომდე კურიკის, ხოლო 2025 წელს აქტაუს პორტებში ფსკერის გაღრმავების სამუშაოები დასრულდება, რაც დიდი ტონაჟის გემების მიზიდვას უზრუნველყოფს.
„ჩვენი საზღვაო პორტების პოტენციალი მეტად დიდია, მათი მეშვეობით 3-ჯერ მეტი ტვირთის გადაზიდვა არის შესაძლებელი, ვიდრე ამჟამად გადაიზიდება,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მან მთავრობას 2024 წლის იანვრის ბოლომდე საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ზომების შემუშავება დაავალა, რომელიც სავაჭრო ფლოტის, პორტის სიმძლავრისა და ტვირთის გადაზიდვის გაზრდას უნდა მოიცავდეს.
ცნობისთვის: ივლისში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყაზახეთის პრიორიტეტად TITR-ის სიმძლავრის გაზრდა დაასახელა. მისი თქმით, ყაზახეთი აპირებს, ამ მარშრუტით ტვირთის ნაკადი სისტემატურად გაზარდოს და 2030 წლისთვის წლიური მაჩვენებელი 500 000 კონტეინერამდე აიყვანოს.
შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს. შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე, ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით. ამ დერეფნის გასწვრივ გამავალ სამარშრუტო მატარებელს ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
2025 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება, რაც აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში წერია. ამასთან, წელს შუა დერეფნის გასწვრივ, დაახლოებით, 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება არის პროგნოზირებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ