გადაიყრება თუ არა ქართული კარტოფილი ნაგავსაყრელზე?! – „3 კვირაზე მეტია  ჯავახეთში კარტოფილის ამოღების პროცესი დასრულდა, თუმცა, მოსავლის რეალიზაცია ისევ პრობლემაა“

„3 კვირაზე მეტია ჯავახეთში კარტოფილის ამოღების პროცესი დასრულდა, თუმცა, მოსავლის რეალიზაცია ისევ პრობლემაა,“ - ამის შესახებ პუბლიკაციას ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ფერმერებმა ვერც შარშანდელი მოსავლის რეალიზაცია შეძლეს გაზაფხულზე. შედეგად, რამდენიმე ათეული ტონა კარტოფილი ნაგავსაყრელზე დატოვეს.

„ჯავახეთში წამყვანი დარგები მეკარტოფილეობა, მესაქონლეობა და მარცვლეული კულტურებია. უკვე 3 კვირაზე მეტია, რაც კარტოფილის მოსავლის ამოღების პროცესი დასრულდა. თუმცა, როგორც ყოველ წელს, წელსაც ჯავახეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს კარტოფილის (ისევე როგორც სხვა პროდუქტის - რძე, ყველი, ქერი, შვრია, ხორბალი და სხვა) რეალიზაცია.

ჯავახეთში მცხოვრებმა ფერმერებმა გაზაფხულზე შარშანდელი მოსავლის გაყიდვაც კი ვერ შეძლეს და ათეული ტონობით კარტოფილი ნაგავსაყრელზე დატოვეს.

დღეს ახლად მიღებული მოსავალი ისევ არ იყიდება. კარტოფილის რეალიზაცია ახალქალაქში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ბარიერად იქცა.

საქართველოში მოყვანილი კარტოფილის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, ადგილობრივს კონკურენციას უწევს და ამარცხებს. ამ პირობებში საქართველოში მოყვანილი ტონობით მოსავლის ადგილზე გაყიდვა, რომ არაფერი ვთქვათ მის ექსპორტზე გატანაზე, ვერ ხდება,“- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წლიურ ჭრილში კარტოფილის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა (1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 23 301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი).

იხილეთ ასევე: იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ კარტოფილს

თაია არდოტელი