მამუკა ბერძენიშვილი: გამოფენა EXPO BATUMI მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებისთვის

EXPO BATUMI და მსგავსი გამოფენები მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებისთვის, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა EXPO BATUMI 2015-ის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბერძენიშვილმა განმარტა, გამოფენამ სხვადასხვა ტურისტული სააგენტო მოიზიდა, რის შედეგადაც დამყარდა ურთიერთობები სხვადასხვა სამიზნე ქვეყანასთან. "აღნიშნულმა გამოფენამ სხვადასხვა ტურისტული სააგენტო მოიზიდა ბაზაზე და დამყარდა ის ურთიერთობები, რაც აისახება ჩარტერულ ფრენებში უკრაინიდან, პოლონეთიდან და სხვა სამიზნე ბაზრებიდან. აღნიშნული გამოფენა წლიდან წლამდე მეტ მნიშვნელობას იძენს ტურიზმის განვითარების კუთხით", - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა.

EXPO BATUMI 2015-ში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობს საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. სულ 80-მდე კომპანია. გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.