პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითა და ფორმულით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითა და ფორმულით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო - მესამე მოსმენით დაამტკიცეს პროექტი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით აღარ დაფინანსდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალ ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ნორმები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლისათვის. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 - 2025 წლისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება.

გარდა ამისა, იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით დაფინანსდება, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.