ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება 11 თვეში 1,9%-ით, ტრანზიტი კი 2,4%-ით გაიზარდა

იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 27,635,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე 1,9%-ით მეტია. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია.

იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან 75,9% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.

უწყების ცნობით, იანვარ-ნოემბერში ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 82,7%, ანუ 22,854,5 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც, წინა წლის თერთმეტთვიან პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით მეტია.

ამასთან, ბთჯ-ით ტრანსპორტირებულმა ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანზიტული ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 17,3%, ანუ 4,780,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდზე 2,4% -ით მეტია.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ წინა წელზე 12,6%-ით მეტი, ანუ 29,749,6 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის 5,103,9 მლნ ტონა, ანუ 41,8%-ით მეტი სატრანზიტო ნავთობი იყო.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ