1 ჰექტარი პლანტაციიდან შემოსავალი 15 ათას დოლარამდეა -  ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის ჰაბს ქმნიან

ყაზახმა ბიზნესმენებმა ზეთისხილის ხეების მოშენება დაიწყეს. მათი თქმით, თუ ნერგები დაფესვიანდება, 10 ათას ჰექტარამდე ფართობზე დარგავენ, ამის შემდეგ კი ზეითუნის ზეთის წარმოება დაიწყება. ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ ამ თემით ინვესტორები საქართველოდან დაინტერესდნენ. ისინი აპირებენ ყაზახეთს ზეთისხილის ჰაბად აქციონ.

„ზეთისხილმა საქართველოში ძალიან კარგად გაიდგა ფესვები. უკვე მესამე წელია მოსავალს იძლევა. რაც შეეხება წყალს, ეს ხე ძალიან კარგად ეგუება უდაბნოს ნიადაგს, ის საერთოდ არ არის პრეტენზიული მცენარე. ერთი ხისგან 50 კგ ზეთისხილის მოსავლის აღება შეგიძლიათ“, - ამბობს ზეთისხილის გადამამუშავებელი ნიკა მარკოზაშვილი.

მისი თქმით, 1 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაციიდან შემოსავალი 15 ათას დოლარამდეა.

ქართულმა კომპანიებმა ყაზახეთში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად უკვე 10 ათასამდე ნერგი დარგეს და ახლა კიდევ 50 ათასი ხის დარგვას გეგმავენ.

პარტნიორები საქართველოდან ირწმუნებიან, რომ ზეთი, რომლის წარმოებასაც ყაზახეთში აპირებენ, ძალიან კარგი ხარისხის იქნება. ამის მიზეზი კლიმატი და ნიადაგია, რაც ხელს უწყობს ამ კულტურის სწორ განვითარებას.

ინვესტორების აზრით, ყაზახეთი შეძლებს გახდეს ზეთისხილის წარმოების სექტორის საერთაშორისო ცენტრი.

მომავალში ზეთისხილისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

ეკა დარჩიაშვილი