„თუ ასე გაგრძელდება, ხელმძღვანელები მოუწოდებენ ექიმებს, ისევ ხელზე აიღონ თანხა“

რა ხდება DRG სისტემიდან გამოსვლის შემთხვევაში და რაშია ამ პრობლემიდან გამოსავალი - ამ თემაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ ისაუბრა.

„როდესაც ორსულს სურს, რომ თავად გადაიხადოს მშობიარობის საფასური, პრობლემის წინაშე ვდგებით ამ შემთხვევაშიც: კლინიკები იგივე თანხად არ ემსახურებიან პაციენტს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ დაადგინა. ამ დროს 1221 ლარზე გაცილებით მეტი ჯდება მშობიარობა. შესაძლოა, ამ თანხამ 3 000 ლარსაც მიაღწიოს. ხოლო თუ მშობიარეს ჯანმრთელობა დამძიმდა, რეანიმაციული მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ექიმები ურჩევენ, რომ არ თქვან უარი DRG სისტემაზე, თუმცა, ზოგს მაინც გამოსვლა უნდა ამ სისტემიდან“ - აცხადებს სალომე ლოლუა.

მისი თქმით, გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის რამდენიმე: თუ ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ 1221 ლარი არის საკმარისი იმისთვის, რომ ამაში ჩადებული იყოს ექიმის აყვანის თანხა, მაშინ დაავალოს კერძო სექტორს, რომ პროცენტული მაჩვენებლით გადაუხადოს ექიმს თანხა ამ 1221 ლარიდან.

„პირველ რიგში, ექიმს, რომელიც აქტიურ საქმიანობაშია, საშუალოდ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ყოველწლიურად სახელმწიფო ავალდებულებს ექიმს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს და გარკვეული კურსები გაიაროს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამას ექიმი საკუთარი ჯიბიდან იხდის, ანუ ამაზე არც კლინიკა ზრუნავს და სახელმწიფო უწყებები. ამიტომ, შესაძლებელია, რომ 10-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმისთვის ამ 1221 ლარიდან 20% დაწესდეს, 15-წლიანი - 30% და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ამისი ბერკეტი. ვნახოთ, რამდენი სამშობიარო სახლი დაიხურება ამის შემდეგ.

მეორე, ჯანდაცვის სამინისტრომ ისევ ლეგალური გახადოს ექიმის აყვანის თანხა. თვითონ მიიღოს ორსულმა გადაწყვეტილება, მორიგე ბრიგადასთან იმშობიარებს თუ კონკრეტულ ექიმთან.

მესამე, თუ ასე გაგრძელდება, კლინიკების უმეტესობა დაიხურება, ხოლო რაც დარჩება, ხელმძღვანელები მოუწოდებენ ექიმებს, ისევ ხელზე აიღონ თანხა. სხვა გამოსავალი აღარ რჩება“ - აცხადებს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე.

სალომე ლოლუას თქმით, ქვეყნის მასშტაბით 7 მესამე დონის სამშობიარო ფუნქციონირებს - 5 მათგანი თბილისში, 1 ბათუმში და 1 ქუთაისში.“ მესამე დონის სამშობიაროები ისეთ მძიმე მშობიარეებს იღებს, როგორებიც არიან ონკო პაციენტები, შაქრიანი დიაბეტის მქონეები და ა.შ. სახელმწიფო მათაც ავალდებულებს, რომ 1221,92 ლარად მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც გაცილებით მეტი კვლევა და შესაბამისად, ფინანსები სჭირდებათ“.

ეკა დარჩიაშვილი