პარიზში ჯიპებისთვის პარკირების გაძვირების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

პარიზი რეფერენდუმზე გადაწყვეტს, გაიზარდოს თუ არა ქალაქში ჯიპების პარკირების ღირებულება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

რეფერენდუმი მომავალი წლის 4 თებერვალს გაიმართება.

პარიზის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გადასახადის გაზრდით ჯიპების რაოდენობას შეამცირებს, რომლებიც ქალაქში მეტ გამონაბოლქვს ტოვებენ და ქუჩებშიც მეტ ადგილს იკავებენ.

მოსალოდნელია, რომ დიდი მანქანების პარკირების ღირებულება გასამმაგდება და საათში 12-დან 18 ევრომდე შეადგენს. თანხა ქალაქის რაიონის მიხედვით ვარირებს.

ევროკავშირში სითბური გაზების ემისიების მეოთხედი ტრანსპორტის წილია, რაშიც მხოლოდ ავტომობილების წილი 70%-ია. ევროკავშირის მიზანია, 2050 წლისთვის სითბური გაზების გამონაბოლქვი იმდენად შემცირდეს, რომ ის მთლიანად ბუნებამ შთანთქას.

2035 წლისთვის ევროკავშირში ყველა ახალ ავტომობილს სითბური გაზების ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს, რის შედეგადაც ემისიების მთლიანი რაოდენობა ბუნებაში გაიწოვება და მათ, მაგალითად, ხეები შთანთქავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ