ბრიუსელში ბოლო საგაზეთო კიოსკი იხურება

ბრიუსელში გაზეთების ბოლო კიოსკი 31 დეკემბერს სამუდამოდ დაიხურება. „ევროპულსის“ ცნობით, ის ბოლოა იმ 52 კიოსკიდან, რომელიც ბელგიის დედაქალაქში ოდესღაც მუშაობდა.

გასული ათწლეულის განმავლობაში კიოსკების მფლობელები თავიანთ ობიექტებს ერთმანეთის მიყოლებით ხურავდნენ, რადგან მომხმარებლები გაზეთებსა და ჟურნალებს ნაკლებად ყიდულობენ და სიახლეებსა თუ საინტერესო სტატიებს ინტერნეტში უფრო ეძებენ. შესაბამისად, კიოსკების შემოსავალი შემცირდა და მათ შენახვა წამგებიანი გახდა.

ბრიუსელში, ტუაზონ დ'ორის პროსპექტზე მდებარე ბოლო კიოსკი 38 წელი მუშაობდა. მისი მფლოელი 1 იანვარს პენსიაზე გადის.

„ევროპულსის“ შეფასებით, ევროპული ქვეყნები და ქალაქები სულ უფრო ხშირად აბარებენ ისტორიას საგნებს, რომლებიც წარსულში პოპულარული იყო და დღეს აღარავის სჭირდება.

მაგალითად, იტალიაში ზფხულიდან ქვეყანაში არსებულ 16 ათას სატელეფონო ჯიხურს იღებენ. ისინი მხოლოდ საავადმყოფოებში, ყაზარმებში, ციხეებსა და მაღალმთიან სოფლებში დარჩება, სადაც ფიჭური ქსელი არ არის. იტალიაში პირველი სატელეფონო ჯიხურები 1952 წელს გამოჩნდა. 2017 წელს ფასიან ტელეფონებს, 2010 წელთან შედარებით, 80%-ით ნაკლებად იყენებდნენ დასარეკად. უმეტეს შემთხვევაში ფასიანი სატელეფონო ავტომატით რეკავდნენ ისინი, ვინც გადაუდებელ სიტუაციაში იმყოფებოდა.

ტაქსოფონები ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანაში გაქრა. კერძოდ, გერმანულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom-მა 142 წლის შემდეგ ქვეყანაში სატელეფონო ჯიხურების ეპოქის დასასრული ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაცხადა. ამჟამად ქვეყანაში 12 000 მოქმედი სატელეფონო ჯიხური შემორჩა. თავიდან „პეიფონებში“ ნაღდი ანგარიშსწორების სისტემა გაუქმდა და მოსახლეობას მათი გამოყენება მხოლოდ სატელეფონო ბარათით შეეძლო, თუმცა წელს ეს ფუნქციაც გაუქმდა. ჯიხურების სრული დემონტაჟი 2025 წელს დასრულდება. გერმანიაში მხოლოდ 3000 ჯიხური დარჩება, რომლებიც მობილური დაფარვის გასაძლიერებლად ქსელური კავშირის პატარა ანძებად გადაიქცევა. დემონტირებული ჯიხურები მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებზე გაიყიდება.

2015 წელს სატელეფონო ჯიხურების ეპოქის დასასრული ოფიციალურად თავად ბელგიაში გამოცხადდა, ხოლო 2017 წელს ეს გადაწყვეტილება დანიაშიც მიიღეს. ამჟამად დანიაში ფასიანი ტელეფონის რამდენიმე ჯიხური და შედარებით დიდი კიოსკი ღია მუზეუმ Den Gamle By-ში და სხვა ისტორიულ მუზეუმში დგას.

ამასთან, ესტონეთში 16 იანვრიდან, ორშაბათობით ესტონურ ენაზე ქაღალდის გაზეთები აღარ გამოდის. კერძოდ, ესტონური გაზეთი, Eesti Päevaleht ორშაბათობით საქაღალდე ვერსიით აღარ გამოდის. ეს ერთადერთი დარჩენილი გამოცემა იყო, რომელიც ორშაბათობით ქაღალდით გამოიცემოდა, რაც 16 იანვრიდან შეწყდა. სხვა გაზეთებმა, Postimees-მა და Õhtuleht-მა ქაღალდის ნომრებზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს თქვეს უარი, ხოლო ბიზნესგაზეთმა, Äripäev-მა ქაღალდის გამოცემა გასული წლის შემოდგომაზე მთლიანად მიატოვა და ციფრულ ფორმატზე გადავიდა. გაზეთის მფლობელი კონცერნ Delfi Meedia-ს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხარჯების ზრდას უკავშრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ