რამდენი ავტომობილია საქართველოში 10 წელზე ნაკლები ასაკის

საქართველოში 10 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში მხოლოდ 16%-ს შეადგენს - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 1 375 980 ერთეული 10 წელზე მეტი ასაკისაა, ანუ დაახლოებით 83,5%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, 264 378 ერთეული ავტომობილი, ანუ დაახლოებით 16% 10 წელზე ნაკლები ასაკისაა, 7 271 ერთეულის ასაკი კი დაუდგენელია.

იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბაზარი ძველი ავტომობილებითაა გაჯერებული, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. სწორედ ავტოპარკის განახლებას ემსახურება მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.

აღნიშნული შეზღუდვა თავისთავად შეამცირებს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რაოდენობას. მყიდველები კი იძულებულები იქნებიან, რომ 2014 წელს, ან მას შემდგომ გამოშვებული მანქანები შეიძინონ.

ავტოიმპორტიორები და ავტომფლობელები კი მთავრობისგან ითხოვენ, მიეცეთ საშეღავათო პერიოდი და რეგულაცია გადავადდეს რამდენიმე თვით მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ ასწრებენ ჩამოყვანას.