2023 წლის აგვისტო-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 35-ჯერ - 43 მლნ აშშ დოლარიდან, 1.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მიზეზი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ნოემბერში რუსეთში 31,32 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ 4 ავტომობილი გავიდა, ოქტომბერში 116.8 ათასი დოლარის ღირებულების 8 მანქანა გაიყიდა, სექტემბერში - 304.8 ათასი დოლარის ღირებულების 26 მანქანა, აგვისტოში - 781.8 ათასი დოლარის 85 ერთეული. საერთო ჯამში, სანქციების დაწესებიდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთში 1,234 მლნ დოლარის ღირებულების 123 ერთეული მსუბუქი მანქანა გაიყიდა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო, კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-ნოემბერში რუსეთში 43,046 მლნ დოლარის ღირებულების 2 820 მსუბუქი მანქანა გავიდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.
რაც შეეხება ბელარუსს, ის საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი არც აქამდე ყოფილა, თუმცა სანქციების შედეგად რაოდენობა კიდევ მეტად შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტო-ნოემბერში საქართველომ ბელარუსში 4.049 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 136 ავტომობილი გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 959 ათასი დოლარის 32 მანქანა.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 1.947 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების 98 209 მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 764,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 71 896 ერთეულის.