„საშუალო სტატისტიკური ქართველი რეალურად გაღარიბდა - 2011 წლის ხელფასებით რასაც ყიდულობდა, დღევანდელი გაზრდილი ხელფასით იმდენს ვეღარ ყიდულობს“

„რეალურად საშუალო სტატისტიკური ქართველი გაღარიბდა - 2011 წლის ხელფასებით რასაც ყიდულობდა ადამიანი, დღევანდელი გაზრდილი ხელფასით იმდენს ვეღარ ყიდულობს,“ - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრემიერის ანგარიშის შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მაღალი ტრიბუნიდან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იტყუებოდა. სამჯერ გაიზარდა ეკონომიკაო და დიდი ბოდიში, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა ნახე, ციფრები არ გაზრდილა სამჯერ. წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს.

ეს არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ეკონომიკური ზრდა არის სხვა რამე და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სხვა.

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ კეთილდღეობა იზრდება. ეს კი არ მომხდარა, რადგან პირობითად - თუ წლების წინ რაღაც ნივთი ღირდა ლარი, ახლა მისი ფასი 3 ლარია. ადამიანისთვის ფულის რაოდენობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რამდენი პროდუქტის ყიდვა შეუძლია ამ ფულით. 2011 წლის ხელფასებით რასაც ყიდულობდა ადამიანი, იმდენს დღევანდელი გაზრდილი ხელფასით ვეღარ ყიდულობს. ეს არის პრობლემა.

რეალურად საშუალო სტატისტიკური ქართველი კი არ გამდიდრდა, პირიქით გაღარიბდა,“- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა.

თაია არდოტელი