ლადო გურგენიძე: გიდასტურებთ, “ლიბერთი ბანკიდან” წასვლას ვაპირებ!

სავარაუდოდ, ბიზნესმენი საქმიანობას რუანდაში გააგრძელებს

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე პოსტიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ bpn.ge-ს თავად ლადო გურგენიძემ დაუდასტურა: ”გიდასტურებთ, წლის მეორე ნახევარში ”ლიბერთი ბანკიდან” წასვლას ვაპირებ. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.”

მისივე თქმით, “ლიბერთი ბანკი” უკვე შემდგარი გუნდია და ძლიერი მენეჯმენტის წყალობით მუშაობას მის გარეშეც გააგრძელებს. ”ყველა პროექტს აქვს დასაწყისი და დასასრული. 6 წელია, რაც ამ ბანკს ფეხზე ვაყენებ და უკვე შემდგარი ბანკია, წარმატებულია, დინამიკურად იზრდება. მენეჯმენტის გუნდი გაიზარდა. ობიექტურად რომ ვთქვა, ბანკზე დროის ხარჯვა საჭირო აღარ არის. ამ ეტაპზე სხვა პროექტები ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან,” - აღნიშნა გურგენიძემ.

19 ივნისს ”ლიბერთი” ბანკში სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე გურგენიძე პოსტიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. შეგახსენებთ, რომ მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

ლადო გურგენიძე 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2009 წლის სექტემბრიდან ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზეა. ამასთან, ”ლიბერთი კაპიტალის” საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

ბანკიდან წასვლის შემდეგ ლადო გურგენიძე სად და რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, ჩვენთან საუბარში არ დააკონკრეტა. თუმცა, გამორიცხული არ არის საქმიანობა რუანდაში, ბანკ Kigali-ში გააგრძელოს, სადაც ის თავმჯდომარის პოსტზეა. Kigali-მ ლადო გურგენიძე თავმჯდომარედ 2009 წლის ოქტომბერში აირჩია.

სალომე გოგოხია