გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის მეტ გაუფასურებას არ ელის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის მეტ გაუფასურებას არ ელის.

ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძე წუხელ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამაზ მეჭიაურთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მასთან ერთად პარლამენტში იმყოფებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ განუმარტა, ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არსებული გაუფასურება გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსზე. შესაბამისად, ხდება იმპორტის კორექტირება და ზეწოლა ვალუტის კურსზე მოხსნილია. ამასთან, ქადაგიძის თქმით, დამატებითი ფაქტორია ტურისტული სეზონი და სხვა ეკონომიკური მოვლენები. "ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე, ამოიწურა დანაკლისი, რაც გვქონდა და კურსს აქვს გამყარების მიმართულება. საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ველოდები", - განაცხადა ქადაგიძემ.