ნოდარ ხადური: იმედი მაქვს, რომ ლარის კურსის გამყარება გაგრძელდება

იმედი მაქვს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარება გაგრძელდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამას ხელს შეუწყობს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წუხელ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამაზ მეჭიაურთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ ბოლო დროის პროცესებზე, მათ შორის, გაცვლითი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლარის კურსის დასტაბილურების ფაქტორები გაგრძელდება. როგორც აქამდე არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა გაცვლით კურსზე, ბიუჯეტი არც მომავალში არ მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას", - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურის გარდა თამაზ მეჭიაურთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.