ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოში შევლენ ძირითადი ბიზნეს ასოციაციები, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ. "ეს არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, იქნება ევრობანკის წარმომადგენელი, ასევე იქნება მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება პლატფორმა, სადაც მოხდება კომუნიკაცია ყველა ახალი ინიციატივის ეკონომიკური კუთხით, ახალი კანონმდებლობის თუ მარეგულირებელი დოკუმენტის კუთხით და ა.შ., რათა წინასწარ მოხდეს ყველა ასეთი ინიციატივის განხილვა თვითონ ბიზნესის წარმომადგენლებთან და არ იყოს მოულოდნელობები საკანონმდებლო გარემოს თვალსაზრისით.  კვირიკაშვილის განცხადებით, საბჭოს დაკომპლექტება დაწყებულია. "დღეს უკვე სამდვინოს დაკომპლექტება მიმდინარეობს. გამოცხადებული იყო კონკურსი სამდივნოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შეტანილია წინადადებები. სამდივნოს ხელმძღვანელი იქნება დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც თვითონ ამ საბჭოს წევრების წარდგინებით დაინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინვესტორთა საბჭოს შექმნა EBRD-ის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაანონსდა.