10 მარშრუტი თბილისში, სადაც შესაძლოა, დამატებით ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი მოეწყოს - რეკომენდაცია

თბილისში 10 მარშრუტზე შესაძლოა, ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი მოეწყოს - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაში.

80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

„თბილისის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის ავტობუსებზე მოდის მგზავრობების ყველაზე მეტი რაოდენობა. ავტობუსების ქსელი ფართოა, ახლახან ავტობუსების პარკის მსხვილი ნაწილის განახლებით კი ავტობუსები უფრო სუფთა, ახალი და კომფორტული გახდა. მაგრამ ბევრ ქუჩაზე, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ავტობუსს 90-მდე ადამიანი გადაჰყავს, ისინი იმავე მოძრაობაში არიან გაჭედილები, როგორც ავტომობილები. მთავარ დერეფნებზე ზოგიერთი ავტობუსი ვერც ზომითა და მოძრაობის სიხშირით ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

ავტობუსით მგზავრობის უფრო სწრაფი და კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად, შერჩეულია „თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის“ (TBT) ათი მარშრუტი. TBT მარშრუტები განახლდება და 18-მეტრიანი შესახსრებული ავტობუსები იმოძრავებს ყოველ ოთხ წუთში ერთხელ. მთავარ ქუჩებზე, სადაც ეს მარშრუტები იმოქმედებს, განხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის გამოყოფილი ზოლები და გაუმჯობესებული ავტობუსის გაჩერებები და სადგურები. ამ ქუჩების გაუმჯობესება სასიკეთო იქნება არა მხოლოდ TBT მარშრუტების, არამედ ყველა ავტობუსის მარშრუტისთვის, რომელიც ამ ქუჩებზე იმოძრავებს. TBT მარშრუტებზე ქუჩების ხელახალი დაპროექტება განსხვავებული იქნება თავისი მასშტაბითა და ტიპით; ტროტუარის კიდეზე დახაზული ავტობუსის ზოლებიდან უფრო მაღალი ხარისხის ცენტრში განთავსებულ ავტობუსის ზოლებამდე (როგორც ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე), რაც უფრო ახლოს დგას ავტობუსის სრულად ტრანზიტულ დერეფანთან.

თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი განიხილება როგორც თბილისის ავტობუსების ქსელის უმაღლესი დონე, ანუ ხერხემალი. განხორციელების შემდეგ, ავტობუსების ქსელი ასევე მოიცავს მეორე დონის, ანუ საქალაქო მარშრუტებს, ისევე როგორც ადგილობრივ/მკვებავ მარშრუტებს.

ზოგიერთი TBT ინფრასტრუქტურა უკვე აშენდა: ჭავჭავაძის გამზირი აშენდა, როგორც ცენტრში განთავსებული სრულად ტრანზიტული დერეფანი. მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. მელიქიშვილის გამზირისა და ქეთევან წამებულის (ქეთევან დედოფლის) ქუჩა 2023 წელს დასრულდა. წერეთლის გამზირზე სამუშაოები 2023 წელს დაიწყო. დამატებით, 18-მეტრიანი ავტობუსების დეპოს აშენება იგეგმება 2024 წელს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ქვემოთ წარმოდგენილია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის ყველა მარშრუტი:

  • გლდანი – საბურთალო
  • დიდი დიღომი - საბურთალო
  • სამგორი – ვაკე
  • სამგორი – საბურთალო
  • გლდანი – ორთაჭალა
  • სამგორი - დიდი დიღომი
  • სამგორი - უნივერსიტეტის ქუჩა
  • სამგორი - ვაკე - საბურთალო
  • გლდანი – ვაკე
  • აფრიკის დასახლება - ნუცუბიძის პლატო

screenshot-2-1703077247.jpg