თურქეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბინების სიძვირის გამო მშობლებთან ცხოვრობს

თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ჰაფიზე გაიე ერქანი ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო იძულებული გახდა, საცხოვრებლად მშობლებთან გადასულიყო. ამის შესახებ მან გაზეთ Hürriyet-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ერქანის თქმით, სტამბოლი მისთვის მეტად ძვირი ქალაქი აღმოჩნდა, სადაც საცხოვრებლის ყიდვას ვერ შეძლებდა.

„როგორ შეიძლება, სტამბოლი მანჰეტენზე ძვირი იყოს?! სტამბოლში სახლი ვერ ვიპოვეთ, საშინლად ძვირია, ამიტომ მშობლებთან დავსახლდით და მათთან ვცხოვრობთ,“ - აცხადებს ერქანი.

ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ დანიშვნამდე ის 20 წელი აშშ-ში ცხოვრობდა და მუშაობდა. ამჟამად მისი ხელფასი, დამატებითი გადასახადების გამოკლებით, 161 ათასი თურქული ლირა, ანუ 5,525 დოლარია.

თურქეთში საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ერქანი სოციალური საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

„სოციალური საცხოვრებლის სიმცირის გამო იჯარის ფასი იზრდება, ამიტომ ჩვენთვის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოციალური საცხოვრებლით უზრუნველყოფაა,“ - აცხადებს ჰაფიზე გაიე ერქანი.

მისი თქმით, თურქეთისთვის ქირის გადასახადის მატება დამახასიათებელია.

„ერთ ადამიანს კი არ უნდა ჰქონდეს 10 სახლი, არამედ 10 ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთი სახლი. სახლისა და სურსათის საკითხები მეტად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ერქანი.

მისი თქმით, მართალია, ბოლო დროს იჯარის ფასების ზრდა შენელდა. მაგრამ საჭირო არის დრო, რომ ქირა ინფლაციას კიდევ უფრო ჩამოუვარდეს.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მონეტარული პოლიტიკა მუშაობას იწყებს. 2024 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვიხილავთ ფასების ზრდის შენელებას სერვისის ჯგუფებში, როგორიც არის ტრანსპორტი და სურსათი. ეს ოდნავ შენელდება ისეთ ჯგუფებში, როგორიც არის ქირა და განათლება. ჩვენი მიზანი 2025 წლის ბოლოსთვის 14%-იანი, ხოლო 2026 წელს ერთნიშნა ინფლაციის მიღწევაა,“ - აცხადებს თურქეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ