გერმანიის გენერალური პროკურატურა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მოითხოვს

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს 720 მლნ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რასაც ჟურნალი, Der Spiegel ავრცელებს.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „ემბარგოს დარღვევის მცდელობის გამო, რომელიც საგარეო ვაჭრობის კანონით ისჯება, მაინის-ფრანკფურტში მდებარე ბანკში გახსნილი რუსული ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშიდან მოხდეს 720 მლნ ევროზე მეტი ოდენობის თანხის კონფისკაცია.“

მართალია, ოფიციალურ განცხადებაში თანხის მფლობელი მითითებული არ არის, მაგრამ Der Spiegel აქტივების მესაკუთრედ რუსულ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციას, ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარს ასახელებს.

ჟურნალის ცნობით, ორგანიზაცია 2022 წლის ივნისში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც მან JP Morgan-ის გერმანული შვილობილი კომპანიის ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე 720 მლნ ევროს გადატანა სცადა. თუმცა, Der Spiegel-ის ცნობით, ტრანზაქცია არ შესრულდა.

ცნობისთვის: G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ 2022 წელს რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 260 მლრდ ევროს აქტივები გაყინეს, საიდანაც უმეტესი ნაწილი, 210 მლრდ ევრო ევროპაშია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ