„ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა აქვს გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება - ბრალდებები იმ ნაკლოვანების გადაფარვას ემსახურება, რაც არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად რეალურად ვითარდება “

„სამინისტროს მცდელობა აქვს გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება - ბრალდებები ემსახურება იმ ნაკლოვანების გადაფარვას, რაც რეალურად ვითარდება ბაზარზე არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად,“ - აღნიშნულია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას არარეფერენტულ მედიკამენტებზე მარჟების თაობაზე.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია. იმ ვითარებაში, როდესაც სამინისტროს მხრიდან უპასუხოდ რჩება პრობლემატური საკითხები, ყველაზე მარტივი გზაა ფოკუსის გადატანა სხვა თემებზე. ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას, როდესაც დაუზუსტებელი, მცდარი ინფორმაციისა და დაშვებების საფუძველზე ხდება ქვეყნის უმსხვილესი სექტორის წარმომადგენლების დადანაშაულება შეთქმულების თეორიებსა და კარტერულ გარიგებებში. გავრცელებული განცხადება გახლდათ მცდარი და ცილისმწამებლური. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ფარმაცევტული დარგი იცავს ყველა დაწესებულ რეგულაციას და არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას.

ქვეყანაში მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის რეგულაცია. იმ ვითარებაში, როდესაც ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების დიდი ნაწილი უკვე მოქცეულია რეგულაციაში, სამინისტროს რეალურ რეჟიმში მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე და ავრცელებს მსგავს მცდარ დაუზუსტებელ ინფორმაციას, აღნიშნული განცხადება აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება, რაც განპირობებულია სწორედ იმ ნაკლოვანების გადასაფარად, რაც რეალურად ვითარდება ბაზარზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არასწორად გატარებული რეფერენტული რეფორმის შედეგად. ეს წარმოადგენს მსგავსი რეპუტაციის შემლახავი განცხადების გამოქვეყნების რეალურ მიზეზს და ნათელ პოზიციას, რომ სამინისტრო უარს აცხადებს დარგთან აწარმოოს კონსტრუქციული თანამშრომლობა.

ასოციაციისთვის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულ მედიკამენტებზე, ქსელებში მედიკამენტების შესასყიდ და გასაყიდ ფასთაშორის მარჟა საშუალოდ შეადგენს 3%-დან 30%-მდე და ისინი წარმოადგენენ მინიმალური ბრუნვის (გაყიდვების) მედიკამენტებს. გარდა ამისა, იკვეთება, რომ სამინისტროს აქვს მცდელობა გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება.

გვსურს გულწრფელად განვაცხადოთ, რომ სამწუხაროა, როდესაც მსგავსი ფორმატით ხდება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დარგსა და მარეგულირებელ ორგანოს შორის კომუნიკაცია, თუმცა ეს გარემოება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მოცემულობაა, სწორედ ის დისტანცირდა სექტორისგან და არ სურს რეალური სურათის დანახვა.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას,“- აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტების ნაწილი ზოგჯერ 32-ჯერ ძვირად იყიდება. უწყებამ იმ მედიკამენტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით ზოგ შემთხვევაში, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

მეტიც, უწყების განცხადებით, მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა კი, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გააფართოვა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ჯამში, დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასი 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. შედეგად, უწყების ცნობით, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ის წამლებიც, რომლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

ცნობისთვის, საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 2023 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კონკრეტულ მედიკამენტებზე დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება.

თაია არდოტელი