ახალი პაქტი - მიგრანტების მიღების ხარჯებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა გადაინაწილებს

ევროკავშირის ქვეყნები და ევროპარლამენტი მიგრანტების მიღების ახალ წესებზე შეთანხმდნენ, რომელიც ევროკავშირის წევრებს შორის ლტოლვილების მიღების ხარჯებისა და პროცედურის გადანაწილებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

წესები მოცემულია საერთო დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაც არის „ახალი პაქტი მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ.“ ის მომავალი წლიდან ამოქმედდება.

კერძოდ, დოკუმენტით განსაზღვრულია ევროკავშირში ჩასვლისას არალეგალი მიგრანტების შემოწმების, თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადების განხილვის პროცედურა და თუ რომელი ქვეყანა არის ამაზე პასუხისმგებელი. ამასთან, მოცემულია კრიზისული სიტუაციების გადაჭრის გზები. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის შიდა, ანუ არასაზღვრისპირა ქვეყნებს არჩევანის საშუალება ექნებათ: ან მიიღებენ ლტოლვილებს, ან ევროკავშირის ფონდში კომპენსაციას გადაიხდიან.

Reuters-ის ცნობით, მიგრანტების მიღებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილების აუცილებლობა ზოგიერთი, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ იტალიასა და საბერძნეთში ჩასული მიგრანტების მიღებაზე უარის თქმამ განაპირობა. ამჟამად მოქმედი ე.წ. დუბლინის შეთანხმებით, თავშესაფრის მაძიებელს მისი მიღება ევროკავშირის მხოლოდ იმ ქვეყანაში შეუძლია, რომელშიც ის ჩავიდა. იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს წესი აფრიკის ქვეყნებთან სიახლოვის გამო იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ზრდის. ამ სისტემის ცვლილების მოთხოვნით იტალიამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომლებიც ლტოლვილთა დიდი ნაკადით გამოირჩევიან, ნოემბერში ერთობლივ წერილს მოაწერეს ხელი.

Reuters-ის მონაცემებით, ევროკავშირში ამჟამინდელი მიგრანტების რაოდენობა 2015 წელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, როცა მათი მაქსიმალური რაოდენობა, მილიონზე მეტი ადამიანი დაფიქსირდა. ნოემბრის ბოლოს მიგრანტების რიცხვი სულ 255 000 ადამიანს შეადგენდა, რაც 2020 წლის მინიმალურ რაოდენობაზე მაინც მეტია.

მიგრაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2020 წელს ევროკავშირში ჩასული მიგრანტების რაოდენობამ, თითქმის, 100 000 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2023 წლის დასაწყისიდან 18 დეკემბრის მდგომარეობით, მათმა რაოდენობამ 273 000 ადამიანს გადააჭარბა. უმრავლესობა ევროპის ქვეყნებამდე ზღვით მგზავრობს. Reuters-ის ცნობით, მიგრანტების ნახევარზე მეტი იტალიაში ან მალტაში აფრიკიდან ჩადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ